კაფკას „მეტამორფოზი“ და ორგანიზაციები: რა ხდება მაშინ, როცა ადამიანი აღარ არის სისტემისთვის სასარგებლო?
- Nino Gogokhia
- Mar 12
- 4 min read

რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი აღარ არის სასარგებლო სისტემისთვის? რჩება ის ადამიანად, თუ მხოლოდ ტვირთად იქცევა?
შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ფრანც კაფკას „მეტამორფოზი“ ძალიან საინტერესო პერსპექტივას გვთავაზობს ლიდერობისა და მენეჯმენტის შესახებ. ტექსტი გვაფიქრებინებს იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ ადამიანებს მაშინ, როცა მათი როლი, შესაძლებლობა ან მდგომარეობა იცვლება.
კაფკას „მეტამორფოზი“ ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და ამავე დროს სიმბოლურად ძლიერი წინადადებით იწყება: ერთ დილას, როცა გრეგორ ზამზას მშფოთვარე სიზმრებისგან გაეღვიძა, აღმოაჩინა, რომ უზარმაზარ მწერად ქცეულიყო.
თუმცა კაფკას მთავარი კითხვა არ არის - რატომ გადაიქცა გრეგორი მწერად.
ტექსტის რეალური დრამა იწყება იქ, სადაც ვხედავთ სხვების რეაქციას მის ტრანსფორმაციაზე.
გრეგორ ზამზა მანამდე იყო ოჯახის მთავარი შემომტანი, პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარე ადამიანი. მისი ცხოვრება მთლიანად იყო დაკავშირებული მუშაობასთან და ოჯახის უზრუნველყოფასთან. გარკვეულწილად, მისი იდენტობაც სწორედ ამ როლზე იყო აგებული.
მაგრამ მისი „მეტამორფოზის“ შემდეგ ყველაფერი სწრაფად იცვლება. ოჯახის წევრები თანდათან კარგავენ მის მიმართ თანაგრძნობას. მისი მნიშვნელობა ნელ-ნელა ქრება. ადამიანი, რომელიც მანამდე აუცილებელი იყო, მოულოდნელად ტვირთად იქცევა.
კაფკა აქ გვაჩვენებს ძალიან მნიშვნელოვან სოციალურ რეალობას: ხშირად ადამიანის ღირებულებას განსაზღვრავს არა მისი პიროვნება, არამედ მისი ფუნქცია.
სანამ გრეგორი მუშაობდა და ოჯახს უზრუნველყოფდა, ის მნიშვნელოვანი იყო. როგორც კი ეს ფუნქცია დაკარგა, მისი ადამიანური ღირებულებაც ეჭვქვეშ დადგა.
ამ იდეას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მაშინ, როდესაც მას ორგანიზაციებსა და ადამიანური რესურსების მართვას დავუკავშირებთ. ალბათ არც არის შემთხვევითი, რომ კაფკას ტექსტი სწორედ ამ კუთხით წავიკითხე. ჩემი პროფესიული და აკადემიური ინტერესები დიდი ხანია მენეჯმენტისა და ლიდერობის საკითხებს უკავშირდება, ამიტომ ხშირად ვცდილობ ამ თემებზე ფიქრი მხოლოდ პროფესიულ სივრცეში არ დავტოვო. პირიქით, მხატვრულ ლიტერატურაშიც ვეძებ იმ იდეებსა და მეტაფორებს, რომლებიც ადამიანების, ორგანიზაციების და ძალაუფლების ურთიერთობას უკეთ გვაგრძნობინებს.
სწორედ ამიტომ „მეტამორფოზაც“ ჩემთვის მხოლოდ ლიტერატურული ტექსტი არ არის - ის ერთგვარი მეტაფორაა იმისა, თუ როგორ აღვიქვამთ ადამიანებს მაშინ, როდესაც მათი როლი ან ფუნქცია სისტემაში იცვლება.
თანამედროვე ორგანიზაციებშიც ხშირად ვხედავთ მსგავს დინამიკას. ადამიანი ფასობს მანამ, სანამ ის პროდუქტიულია, ეფექტურია და სისტემის ფუნქციონირებას უწყობს ხელს. მისი შეფასება ხშირად ეფუძნება შედეგებს, შესრულებას და ორგანიზაციულ ეფექტიანობას.
თუმცა რეალური ცხოვრება ყოველთვის სტაბილური არ არის.
ხანდახან ადამიანები განიცდიან სტრესს. ზოგჯერ უშვებენ შეცდომებს. ზოგჯერ დგება გადაწვის (burnout) ეტაპი. ზოგჯერ ჯანმრთელობის პრობლემები ან პირადი კრიზისები ჩნდება. ხანდახან უბრალოდ იცვლება მათი პროფესიული გზა.
ასეთ მომენტებში ხშირად იკვეთება ორგანიზაციული კულტურის რეალური ბუნება: ხედავს თუ არა სისტემა ადამიანს მხოლოდ როგორც რესურსს, თუ როგორც პიროვნებას?
სწორედ აქ ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა:
ვხედავთ თუ არა ადამიანში მხოლოდ როლს, თუ ადამიანს მთლიანობაში?
ჩემი აზრით, სწორედ ამ კითხვაზე პასუხში იწყება განსხვავება მენეჯმენტსა და ლიდერობას შორის. მენეჯმენტი მართავს ფუნქციებს. ლიდერობა ხედავს ადამიანებს.
3 სიმბოლო „მეტამორფოზაში“, რომელიც ორგანიზაციებსაც ეხება
კაფკას ტექსტი ზედაპირზე აბსურდულ ისტორიად შეიძლება ჩანდეს, თუმცა მისი სიმბოლიზმი ძალიან ღრმაა. განსაკუთრებით საინტერესოა რამდენიმე სიმბოლო, რომელიც შეიძლება ორგანიზაციულ გარემოსთანაც დავაკავშიროთ.
მწერად გარდაქმნა - ადამიანის დეჰუმანიზაცია
გრეგორ ზამზას ტრანსფორმაცია მწერად ხშირად განიმარტება როგორც ადამიანის გაუცხოება და დეჰუმანიზაცია. მწერი აქ შეიძლება გავიგოთ როგორც სიმბოლო იმისა, რომ ადამიანი შეიძლება გადაიქცეს მხოლოდ ფუნქციად, რესურსად ან ინსტრუმენტად.
ორგანიზაციებში ხშირად ვიყენებთ ტერმინს „ადამიანური რესურსი“. ეს სრულიად ნორმალური პროფესიული ცნებაა, თუმცა კაფკას ტექსტი გვახსენებს, რომ არსებობს საფრთხე - ადამიანი დავინახოთ მხოლოდ როგორც რესურსი და არა როგორც პიროვნება. როდესაც სისტემები მხოლოდ პროდუქტიულობას აფასებენ, ადამიანებმა შეიძლება ნელ-ნელა დაკარგონ საკუთარი ადამიანური იდენტობა და გადაიქცნენ უბრალოდ „როლებად“.
დახურული ოთახი - იზოლაცია
გრეგორ ზამზა მთელი ტექსტის განმავლობაში პრაქტიკულად საკუთარ ოთახშია გამოკეტილი. ეს სივრცე სიმბოლურად გამოხატავს იზოლაციას.
საინტერესოა, რომ ეს იზოლაცია მხოლოდ ფიზიკური არ არის, ის სოციალური და ემოციურიცაა. გრეგორი თანდათან კარგავს კავშირს ოჯახთან, სამყაროსთან და საბოლოოდ საკუთარ ადამიანურობასთანაც.
ორგანიზაციულ კონტექსტში ამან შეიძლება შეგვახსენოს, თუ რამდენად მარტივად შეიძლება ადამიანი აღმოჩნდეს პროფესიულ იზოლაციაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის აღარ აკმაყოფილებს სისტემის მოლოდინებს.
ხშირად ადამიანები, რომლებიც პრობლემებს აწყდებიან ან უბრალოდ განსხვავებულ გზას ირჩევენ, შეიძლება აღმოჩნდნენ ორგანიზაციის „პერიფერიაზე“.
ოჯახის დამოკიდებულება - პირობითი ღირებულება
„მეტამორფოზის“ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ასპექტი არის ოჯახის წევრების დამოკიდებულება გრეგორის მიმართ.
სანამ გრეგორი მუშაობდა და ოჯახს უზრუნველყოფდა, ის იყო აუცილებელი. მაგრამ როგორც კი ეს ფუნქცია დაკარგა, მისი არსებობაც პრობლემად იქცა.
ეს გვახსენებს ერთ მნიშვნელოვან სოციალურ მექანიზმს - პირობით ღირებულებას.
ორგანიზაციებშიც ხშირად არსებობს ეს ფენომენი: ადამიანი ფასობს იმდენად, რამდენადაც ის ქმნის შედეგს. მაგრამ კაფკა გვაჩვენებს, რომ როდესაც ადამიანის ღირებულება მთლიანად ფუნქციაზეა დამოკიდებული, ურთიერთობები ნელ-ნელა კარგავს ადამიანურ საფუძველს.
„მეტამორფოზი“ როგორც ორგანიზაციული კულტურის მეტაფორა
კაფკას ტექსტი შეიძლება წავიკითხოთ როგორც ორგანიზაციული კულტურის მეტაფორაც.
ორგანიზაციული კულტურა განსაზღვრავს იმას, თუ როგორ აღიქვამს სისტემა ადამიანებს, როგორ რეაგირებს ცვლილებაზე და როგორ ექცევა თანამშრომლებს კრიზისულ მომენტებში.
ზოგიერთ ორგანიზაციაში ადამიანი აღიქმება მხოლოდ შედეგის პრიზმაში, როგორც ფუნქცია, რომელიც უნდა მუშაობდეს ეფექტიანად და მუდმივად აწარმოებდეს შედეგს.
სხვა ორგანიზაციებში კი თანამშრომელი აღიქმება როგორც პიროვნება თავისი შესაძლებლობებით, სისუსტეებით, განვითარების პოტენციალით და ადამიანური საჭიროებებით.
კაფკას ტექსტში ოჯახის დამოკიდებულება გრეგორის მიმართ გარკვეულწილად გვახსენებს სისტემას, რომელიც მხოლოდ ფუნქციაზეა ორიენტირებული.
როგორც კი ფუნქცია ქრება, ურთიერთობაც იცვლება.
ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა ნებისმიერი ორგანიზაციისთვის: რა ხდება მაშინ, როცა ადამიანი დროებით ვეღარ ასრულებს თავის როლს?
სწორედ ასეთ მომენტებში იკვეთება ორგანიზაციული კულტურის რეალური ბუნება.
კაფკა და თანამედროვე ორგანიზაციების “performance culture”
თანამედროვე ორგანიზაციებში ხშირად საუბრობენ შედეგებზე, ეფექტიანობაზე და პროდუქტიულობაზე. ეს სრულიად ბუნებრივია, ნებისმიერი ორგანიზაცია საბოლოოდ შედეგებზეა ორიენტირებული.
თუმცა, ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად განიხილება ე.წ. "performance culture" - გარემო, სადაც თანამშრომლების ღირებულება თითქმის მთლიანად იზომება მათი შედეგებით.
ასეთ კულტურაში ადამიანები მუდმივად ცდილობენ იყვნენ ეფექტიანები, კონკურენტუნარიანები და პროდუქტიულები.
ეს შეიძლება იყოს მოტივაციის ძლიერი წყარო, მაგრამ ამავე დროს არსებობს რისკიც: ადამიანი შეიძლება გადაიქცეს მხოლოდ „შედეგის მატარებლად“.
კაფკას ტექსტი თითქოს წინასწარ გვაფრთხილებს ამ საფრთხის შესახებ. როდესაც სისტემა მთლიანად ეფუძნება პროდუქტიულობას, არსებობს რისკი, რომ ადამიანის ღირებულება დაიყვანოს მხოლოდ მის ფუნქციამდე.
...და სწორედ აქ ისმება მნიშვნელოვანი კითხვა: შეუძლია თუ არა ორგანიზაციას იყოს ეფექტიანი ისე, რომ არ დაკარგოს ადამიანურობა?
და მაინც, რას ნიშნავს ლიდერობა კაფკას შემდეგ?
კაფკას „მეტამორფოზი“ გვახსენებს, რომ ცვლილება ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია. ადამიანები იცვლებიან. მათი როლები იცვლება. მათი შესაძლებლობები იცვლება. ზოგჯერ მათი შესაძლებლობები დროებით იკლებს ან იზღუდება.
მაგრამ სწორედ ასეთ მომენტებში იკვეთება ლიდერობის ნამდვილი არსი.
მენეჯმენტი სისტემებს მართავს. ლიდერობა კი ადამიანებს ხედავს.
საბოლოოდ ნებისმიერი ორგანიზაციის ხარისხი განისაზღვრება არა მხოლოდ მისი შედეგებით, არამედ იმითაც, თუ როგორ ექცევა ის ადამიანებს მაშინ, როცა ისინი ყველაზე მეტად საჭიროებენ გაგებას.
და ალბათ სწორედ ამიტომაც კაფკას ტექსტი დღესაც ასე ძლიერად ჟღერს, რადგან ყველაზე დიდი ტრაგედია არ არის მეტამორფოზა.
ნამდვილი ტრაგედია იწყება მაშინ, როცა ადამიანი კარგავს გარემოს, რომელიც მას კვლავ ადამიანად აღიქვამს.



