top of page
Search

მართებული მისია და უსასრულო აზროვნება ლიდერობაში



ყველაზე ძლიერი ორგანიზაციები არ იწყებენ კითხვით „რას ვაკეთებთ?“, ისინი იწყებენ კითხვით - „რატომ ვაკეთებთ ამას?“


ეს იდეა პირველად წიგნში არ წამიკითხავს. მე ის გამოცდილებით ვისწავლე. 2016 წელს, როდესაც 18 წლის ასაკში საერთაშორისო ახალგაზრდულ ორგანიზაცია AIESEC-ში გავწევრიანდი, ერთ-ერთი პირველი კონცეფცია, რომელსაც გავეცანით, სწორედ საიმონ სინეკის “ოქროს წრის” თეორია და მისი წიგნი - Start With Why იყო. მაშინ ეს უბრალოდ საინტერესო იდეად მეჩვენებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს არ იყო თეორია, ეს იყო პრაქტიკა, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობაში უნდა განმეცადა და შემესისხლხორცებინა.

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის არსი ყველას კარგად გვესმოდა, ყოველწლიურად, თითქმის ყველა კონფერენციაზე ვუბრუნდებოდით ერთსა და იმავე სესიას - “AIESEC Essence”. თავიდან შეიძლება უცნაურიც ჩანდა: რატომ უნდა გაიმეორო ის, რაც უკვე იცი? მაგრამ სწორედ აქ ჩანს უსასრულო თამაშის ლოგიკა - მისია არ არის ერთჯერადი ცოდნა. ის არის იდეა, რომელსაც მუდმივად უნდა დაუბრუნდე, გადაამოწმო და თავიდან გააცოცხლო.

AIESEC-ის ხედვა “Peace and Fulfillment of Humankind’s Potential”  ჩემთვის დღესაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაგალითია იმისა, რასაც საიმონ სინეკი „მართებულ მისიას“ უწოდებს. ეს არ იყო კონკრეტული მიზანი, რომელიც შეიძლებოდა მიღწეულიყო და დასრულებულიყო. ეს იყო იდეა, რომელიც მუდმივად გიწვევდა წინსვლისკენ და გაძლევდა პასუხს კითხვაზე - რატომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ.

სწორედ ამ პერსპექტივიდან იწყება საიმონ სინეკის კიდევ ერთი წიგნი The Infinite Game. ის გვთავაზობს განსხვავებულ ხედვას ორგანიზაციების საქმიანობაზე და გვახსენებს, რომ ყველა თამაში ერთნაირი არ არის. ზოგი ორგანიზაცია მოქმედებს სასრულ თამაშში, სადაც მთავარი მიზანი გამარჯვებაა - კონკურენტის დამარცხება, ბაზრის წილის ზრდა ან ფინანსური მოგება. ასეთ თამაშში წესები მკაფიოა, მოთამაშეები ცნობილია და თამაშს აქვს დასასრული.

მაგრამ არსებობს სხვა ტიპის თამაშიც - უსასრულო თამაში. აქ მოთამაშეები მუდმივად იცვლებიან, წესები შეიძლება გარდაიქმნას და თამაშს არ აქვს საბოლოო წერტილი. ასეთ პირობებში მთავარი მიზანი აღარ არის გამარჯვება. მთავარი მიზანი არის თამაშის გაგრძელება და გრძელვადიანი გავლენის მოხდენა.

სწორედ აქ ჩნდება „მართებული მისიის“ (Just Cause) მნიშვნელობაც. მართებული მისია არის იდეა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და შთააგონებს იმუშაონ არა მხოლოდ შედეგისთვის, არამედ უფრო დიდი მიზნისთვის. ის განასხვავებს ორგანიზაციების არატრადიციულ და ტრადიციულ მიზნებს, როგორიცაა გაყიდვების ზრდა ან ბაზრის გაფართოება. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არ არის მისია. მისია აღწერს იმას, თუ როგორი შეიძლება გახდეს სამყარო, თუ ორგანიზაცია წარმატებით გააგრძელებს საკუთარ საქმიანობას.


სინეკის მიხედვით, მართებული მისია ყოველთვის მიმართულია მომავალზე. ის ქმნის პოზიტიურ ხედვას, რომელიც ადამიანებს იზიდავს. სწორედ ამიტომ იყო Microsoft-ის ადრეული იდეა - „კომპიუტერი თითოეულ სახლსა და სამუშაო ადგილზე“ („Computer on every desk and in every home”) იმ დროისთვის რევოლუციური. ეს იყო არა მხოლოდ ტექნოლოგიური მიზანი, არამედ ხედვა, რომელმაც მომავალი განსაზღვრა.

მართებული მისია ასევე ინკლუზიურია. ის არ ეკუთვნის მხოლოდ ერთ ადამიანს ან ერთ ორგანიზაციას. ის ქმნის სივრცეს, სადაც სხვადასხვა ადამიანები და ჯგუფები ერთიანდებიან საერთო იდეის გარშემო. ამიტომაც არის, რომ დიდი სოციალური მოძრაობები, იქნება ეს სამოქალაქო უფლებების დაცვა თუ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, ყოველთვის კოლექტიურ ძალისხმევას ეფუძნება.

ამავე დროს, ასეთი მისია ყოველთვის ემსახურება ვიღაცას. ის პასუხობს ძალიან მარტივ, მაგრამ კრიტიკულ კითხვას: ვისთვის ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ? მაგალითად, Apple-ის ფილოსოფია მხოლოდ ტექნოლოგიის შექმნა არ იყო. მათი ხედვა იყო ტექნოლოგიისა და კრეატიულობის შერწყმა ისე, რომ ადამიანებს საკუთარი იდეების რეალიზების შესაძლებლობა ჰქონოდათ. სწორედ ამიტომ, მათი პროდუქტები იქცა არა უბრალოდ მოწყობილობებად, არამედ თვითგამოხატვის ინსტრუმენტებად.

მართებული მისია გრძელვადიანია. ის ვერასდროს მიიღწევა ბოლომდე. ის პროცესია, რომელიც მუდმივად გრძელდება. NASA-ს მაგალითი ამას კარგად აჩვენებს. მთვარეზე დაშვება არათუ საბოლოო მიზანი, არამედ ის მხოლოდ ახალი ეტაპის დასაწყისი იყო. ასეთი მიდგომა ორგანიზაციას აძლევს შესაძლებლობას, მუდმივად განაგრძოს განვითარება და არ გაჩერდეს ერთ წარმატებაზე.

და ბოლოს, ძლიერი მისია გარკვეულწილად იდეალისტურიც უნდა იყოს. მარტინ ლუთერ კინგის „I Have a Dream“ არ იყო კონკრეტული პოლიტიკის გეგმა. ეს იყო მორალური ხედვა, რომელმაც მილიონობით ადამიანი შთააგონა. სწორედ ასეთი იდეები ქმნის მოძრაობებს, რომლებიც ერთი ორგანიზაციის ფარგლებს სცდება.


თუმცა მართებული მისია თავისით არ მუშაობს. ის საჭიროებს ლიდერობას, რომელიც ამ იდეას რეალურ ქმედებებში გადმოსცემს. უსასრულო აზროვნება ლიდერობაში ნიშნავს იმას, რომ ლიდერი მუდმივად იცავს მისიის სისუფთავეს, ქმნის ნდობაზე დაფუძნებულ გუნდებს და ხედავს მეტოქეებს არა როგორც მტრებს, არამედ როგორც შესაძლებლობას სწავლისთვის.

ასეთი ლიდერის ერთ-ერთი მთავარი როლი არის ორგანიზაციის მისიის მუდმივად დაცვა. მაგალითად, სტივ ჯობსი Apple-ში ხშირად უარს ამბობდა ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც კომპანიის ხედვას არ შეესაბამებოდა. ეს აჩვენებს, რომ ძლიერი ლიდერები ხშირად ამბობენ „არა“-ს იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც მისიისგან გადახვევას იწვევს.

უსასრულო თამაშის ლიდერები ქმნიან ნდობაზე დაფუძნებულ გარემოს, სადაც ადამიანები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ საკუთარი აზრის გამოხატვისას. Google-ის ცნობილი კვლევა Project Aristotle აჩვენებს, რომ წარმატებული გუნდების მთავარი ფაქტორი არის უსაფრთხო გარემო (psychological safety), სადაც თანამშრომლებს არ ეშინიათ შეცდომების ან განსხვავებული აზრის. ასეთი კულტურა ზრდის ინოვაციასა და თანამშრომლობას.

სინეკი კონკურენტს არ განიხილავს როგორც მტერს. ის იყენებს ტერმინს Worthy Rival - კონკურენტი, რომლისგანაც შეიძლება ვისწავლოთ. მაგალითად, როდესაც Microsoft-მა iPhone-ის წარმატება დაინახა, ეს გახდა სიგნალი, რომ ტექნოლოგიური ინდუსტრია ახალ მიმართულებაში ვითარდებოდა. კონკურენტი შეიძლება გახდეს საკუთარი სისუსტეების უკეთ დანახვის საშუალება.

ის ასევე მზად არის ეგზისტენციალური მოქნილობისთვის, მაშინ როცა ეს საჭიროა მისიის უფრო უკეთ განხორციელებისთვის. Netflix-ის ტრანსფორმაცია DVD-დან სტრიმინგ პლატფორმად სწორედ ასეთი გადაწყვეტილების მაგალითია.

უსასრულო აზროვნება ხშირად მოითხოვს რთული, ზოგჯერ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებასაც. ზოგჯერ ლიდერებმა უნდა აირჩიონ გრძელვადიანი მიზნები მოკლევადიანი შედეგების ნაცვლად. მაგალითად, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი წლების განმავლობაში დებდა ინვესტიციას ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიაში. მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიან პერიოდში ეს მოგებას ამცირებდა, დღეს სწორედ ეს სტრატეგია გახდა Amazon-ის გლობალური წარმატების საფუძველი.


ამ ყველაფერთან ერთად, თუ ჩემს პირად გამოცდილებას დავუბრუნდები, AIESEC-ში გატარებულმა წლებმა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მასწავლა - მისია არ არის დოკუმენტი. მისია არის დისციპლინა. ის არის ის, რასაც მუდმივად უნდა უბრუნდებოდა, რასაც უნდა ამოწმებდე საკუთარ გადაწყვეტილებებში და რასაც უნდა აცოცხლებდე ყოველდღიურ საქმიანობაში. სწორედ ამიტომ ძლიერი ორგანიზაციები არ იწყებენ სტრატეგიით. ისინი იწყებენ „რატომ“-ით.


…და ალბათ სწორედ ეს არის საიმონ სინეკის მთავარი გზავნილიც: დიდი ორგანიზაციები არ თამაშობენ იმისთვის, რომ მოიგონ. ისინი თამაშობენ იმისთვის, რომ თამაში გააგრძელონ.



 
 
გონი ოქროსფერი ტრანსპარენტი.png
dagvikavSirdiT

Thanks for submitting!

+995 599541196

Tbilisi, saqarTvelo

  • Facebook
  • Instagram
bottom of page